ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ართანა, თელავის რაიონი. ხარება სიმონის ძე ჯიბუტი - ზედმეტსახელად "ლეკი" თუში იყო. არსებობს გადმოცემა, რომ მისი წინაპარი გურიიდან გადმოსულა კახეთში. მას არავითარი განათლება არა ჰქონია, მაგრამ წერა კითხვა კარგად სცოდნია. ყრმობა და სიჭაბუკე მწყემსობაში გაუტარებია. 1905 წელს გაუცნია თელავის მაზრაში ცნობილი რევოლუციონერ-ტერორისტი აქვსენტი სიდამონიძე და მისი მეშვეობით დაკავშირებია არალეგალურ წრეებს. სიდამონიძის დავალებით ხარება ხშირად ჩამოდიოდა თბილისში პარტიული დავალებების შესასრულებლად. 1906 წელს ხარება ჯიბუტი მეთაურობდა თელავის ერთ-ერთ წითელ რაზმს, ხოლო აქვსენტი სიდამონიძის მოკვლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა წითელ პარტიზანთა დიდ რაზმს, რომელიც რეაქციის პერიოდში მოქმედებდა კახეთის ტერიტორიაზე. ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა, ვასო როინიშვილმა, რომელმაც 1910 წელს "ტყის საძმოს" სურათები გადაუღო და ამის გამო ჟანდარმერიასთან ურთიერთობა დაეძაბა, დაკითხვისას განაცხადა, რომ ხარება ჯიბუტი მას სანქტ-პეტერბურგში, ოდესასა და კიევში ქართველი სტუდენტებისთვის გადასაცემად ხშირად ატანდა ფულს. აბრაგებს სტუდენტთა სპეციალური სიაც ჰქონიათ შედგენილი. "ტყის ძმები" მიუვალ ადგილებში მალავდნენ იარაღს, სურსათ-სანოვაგესა და "შავი დღისათვის" გამზადებულ ფულს. მათ განსაკუთრებით ბევრი სამალავი ჰქონდათ პანკისის ხეობის ტყეებში. იქ დასახლებულ ქისტთა შორის ბევრი იყო მათი ყონაღი და სწორედ ისინი უწყობდნენ ხელს აბრაგებს. 1913 წლის 24 ნოემბერს სოფელ მაღრანიის ტყეში "ტყის საძმოს" თავს დაესხნენ შავრაზმელები და ყველანი ერთიანად ამოხოცეს, აბრაგთაგან ცოცხალი მხოლოდ ყარაულად მდგარი გიორგი მახნიაშვილი, ანუ უტრუხუნე გადარჩა. ძმადნაფიცების სისხლიც სწორედ მან აიღო. მოგვიანებით კი, უკვე ღრმად მოხუცმა, ხარება ჯიბუტის შთამომავლებს მაღრაანის ტყეში ის ადგილიც უჩვენა, სადაც ბოქაულ მათურელის ბრძანებით, აბრაგთა გვამები დამარხეს. 1955 წელს დახოცილთა ნეშტები ხარებას მშობლიურ სოფელ ართანაში გადაასვენეს. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.205 | |||||||||||
| |||||||||||
ნანახია: 46 | |
სულ კომენტარები: 0 | |