ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი.
1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.
1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში (ბერძნულ-ლათინურ ენებს, ისტორიას და გეოგრაფიას). 1894-1904 წლებში იგი განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას. პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი". თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი. იგი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. მისი დამსახურებაა "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა, რომელიც უცვლელად გამოსცა 1920 წელს. სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში), გამოიკვლია და აღწერა ქართული ისტორიული ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიკა" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი. 1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.593-594
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დამფუძნებელი (1918-)
- პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოება, წევრი (1922-)
- საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, დამფუძნებელი (1907-)
- საფრანგეთის სააზიო საზოგადოება, წევრი (1925-)
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტი, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე (1919-1921)
- საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, დამფუძნებელი (1917-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-)
- ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი, თავმჯდომარე (1937-1939)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2023 - თავისუფლების საპარლამენტო ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
- 2013 - საქართველოს ეროვნული გმირი
- 1911 - რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოება, დიდი ოქროს მედალი
ბიბლიოგრაფია
|